Tuesday, February 26, 2013

ქალი ქვიშაში

იაპონელი კობო აბეს წიგნი რამდენიმე წლის წინ ბიბლიოთეკიდან გამოვიტანე (მაშინ ვსარგებლობდი ბიბლიოთეკის წიგნებით, რაც ჩემს ჯიბეს საკმაოდ ზოგავდა). წიგნში რომანის გარდა შესულია სამი მოთხრობაც: "პოეტის ცხოვრება", "სხვისი სიკვდილი" და "საბავშვო ოთახი".
"ქალი ქვიშაში" ერთი შეხედვით ძალიან მძაფრია – ქვიშის დიუნებში გამოკეტილი წყვილის ბედი გაღელვებს და კითხვას ვერ წყდები. ქალი შეგუებულია ბედს, კაცი – ეწინააღმდეგება, მაგრამ საბოლოოდ ნებდება. ადვილია, გაავლო პარალელი ქვიშასა და ცხოვრებას შორის და როგორც კი ეს ხდება, ქვიშის ნამცეცებით გევსება ყელი; ხვდები, რომ შენი (და საერთოდ, ადამიანის) ცხოვრება ასეთივე მძაფრია მიუხედავად იმისა, რომ რეალური ქვიშით სავსე ორმოში არ ხარ ჩავარდნილი.
მოგვიანებით ვნახე წიგნის ეკრანიზაციაც – ჰიროში ტეშიგაჰარას კარგი ფილმი, რომლის ნახვასაც ასევე გირჩევთ (ოღონდ წიგნის წაკითხვის შემდეგ).
მოთხრობებიდან "სხვის სიკვდილს" გამოვარჩევდი, სადაც აღწერილია, თუ როგორ ხვდება შინდაბრუნებულ კაცს ბინაში უცნობის გვამი და რას განიცდის და მოქმედებს მოულოდნელი "სტუმრის" გამოჩენით თავზარდაცემული ადამიანი. რაც შეეხება "საბავშვო ოთახს", მასთან ერთგვარი კავშირი მოგვიანებით წაკითხულ ბრედბერის მოთხრობაში ვიპოვე და აზრი კომენტარშიც გამოვთქვი.

Friday, February 22, 2013

ნიუ–იორკული ტრილოგია

თითქმის ორი კვირა ვიკითხე. თავიდანვე უხალისოდ დავიწყე კითხვა, მაგრამ არ მგონია, მთლად ასეთი დასაწყისის ბრალი ყოფილიყო ის, რომ კარგა ხანს არ მომწონდა.
"ნიუ–იორკული ტრილოგია" სამი ნაწილისგან შედგება: "შუშის ქალაქი", "აჩრდილები" და "დაკეტილი ოთახი".
ბოლო მათგანში ავტორი წერს, რომ "ეს სამი ამბავი სინამდვილეში ერთი ამბავია, მაგრამ თითოეული მისი გააზრების განსხვავებულ ეტაპზე დაიწერა".
ასეც არის, სამივე სხვადასხვა დროს დაწერილი და, ერთი შეხედვით, დამოუკიდებელი ნაწარმოებია, თუმცა საერთო ხაზებით. დეტექტიური სიუჟეტი მეტ-ნაკლებად სამივეშია, წიგნის პირველ ორ ნაწილში კი – უფრო გამოკვეთილად. ჩემთვის ეს ორი ნაწილი მოსაწყენად გაწელილი იყო – დინამიკა მხოლოდ ფინალისკენ  შეეცვალათ. "აჩრდილების" კითხვისას მოთმინება თითქმის ამომეწურა. ვფიქრობდი, არ დამეწყო "დაკეტილი ოთახი", მაგრამ წიგნებს შუა გზაზე უიშვიათესად ვატოვებ, ჰოდა დავიწყე და ძალიან კარგიც ვქენი. "დაკეტილ ოთახში" ის ოსტერი დამხვდა, "მისნის ღამიდან" რომ შემიყვარდა. "ნიუ–იორკული ტრილოგიის" მარილსაც სწორედ ამ ნაწილს დავარქმევდი.
წიგნის ერთ-ერთი აქტორი ისევ ნიუ-იორკია, მწერალი კი ოსტერის საყვარელი მოქმედი გმირია –  მის გარეშე ოსტერის ამბები არ არსებობს. ავტორი დეტალებს ისევ უკირკიტებს, ნაცნობი სახეები თუ სახელებიც მეორდება (მაგალითად, ამავე წიგნის და ცნობილი ლიტერატურული გმირების სახელები, ან თუნდაც რვეული – თუ ჩემსავით ჯერ "მისნის ღამე" წაიკითხეთ, იქაურ ლურჯ რვეულს აუცილებლად გაგახსენებთ მისი წითელი "კოლეგა", რომელიც წიგნის პირველ და მესამე ნაწილებში ჩნდება). ამ სამ ნაწარმოებს ლაიტმოტივად გასდევს ადამიანის მარტოსულობის, ასევე – სიტყვების, ენის ძიების თემები. ეს საკითხები (და იდეები) ჩემთვის საინტერესოა, ოღონდ მათმა დეტექტივის საბურველში შეფუთვამ თავიდან განმიზიდა.

Friday, February 15, 2013

ყოფის აუტანელი სიმსუბუქე

ცოტა ხნის წინ მილან კუნდერას "ყოფის აუტანელი სიმსუბუქის" ქართული თარგმანი წავიკითხე. მიუხედავად იმისა, რომ კითხვისას მწერალი მუდმივად მახსენებდა თავს, როგორც აუდიტორიაში მოსიარულე პროფესორი, რომელმაც ზედმიწევნით იცის თავისი საგანი, კითხვა იმ კმაყოფილი მსმენელის იერით დავამთავრე, რომელმაც ჩათვალა, რომ შესანიშნავ ლექციას მოუსმინა. ეს რაც შეეხება წიგნის მთავარი გმირებისტომაშის, ტერეზას და საბინას ფსიქოლოგიურ პორტრეტებს. თუმცა კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მინდა, ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს ეს წიგნი ისაა, რომ გაეცნონ, რა ხდებოდა ჩეხეთში 1968 და მომდევნო წლებში, როდესაც იქ საბჭოთა ჯარები შეიჭრნენ; რას წარმოადგენს რუსული სახელმწიფო მანქანა, როგორ არ ეცვლება მიზნები და ხელწერა, სადამდე მიჰყავს მიზანში ამოღებული საზოგადოება და რა გზებით იმორჩილებს მას. 
ასევე მინდა საქართველოშიც გამოჩნდეს მწერალი, რომელსაც კრიტიკის ან წინააღმდეგობის არ შეეშინდება და რეალობის ანალიზისა და ფურცელზე მისი კარგად გადატანის უნარი ექნება.
კუნდერას შემოქმედებაში ემიგრაციის თემა ერთჯერადი არ არის. ჩემს წასაკითხ წიგნებს შორის ჯერ კიდევ გასული ზაფხულიდან მისი "შეუცნობელიც" დევს. იმედია, გამოვნახავ დროს და აქაც გაჩნდება ჩანაწერი.

Friday, February 8, 2013

მისნის ღამე

გუშინ პოლ ოსტერის "ნიუ–იორკული ტრილოგია" დავიწყე და ვიდრე მასზე დავწერ, გიამბობთ წიგნზე, რომელმაც ოსტერის სხვა წიგნების წაკითხვის სურვილი გამიჩინა. ჩემს მეორე ბლოგზე "მისნის ღამე" ზაფხულის მერე რამდენჯერმე ვახსენე – თუ როგორ ვუვლიდი გვერდს რაღაც პირადი შიშების გამო და როგორ მომეწონა მერე. ოსტერი "ჩემი" მწერალი აღმოჩნდა – მომწონს  მისი წერის სტილი, სქოლიოებში ჩატანილი თუ ძირითად ტექსტში გაშლილი წვრილ–წვრილი ამბები, რომანის გმირები, ქალაქის მისეული აღწერა და, ზოგადად, შეგრძნებები, რომლებიც ამ წიგნიდან მოდის. ჩემთვის ძალიან ახლობელია ის, რომ დაწერილი სიტყვები შეიძლება საკრალური აღმოჩნდეს – ახდეს. წიგნის სიუჟეტი სწორედ ამას ეფუძნება.

Tuesday, February 5, 2013

გულსაგლეჯი

ამ წიგნით გავიცანი ბორის ვიანი. ამას მოჰყვა მისი ნაწარმოებების სხვა ქართული (და არა მხოლოდ) თარგმანების მოძიება. მოკლედ, ვიანი შემიყვარდა. ისე, რომ წერილიც მივწერე. ჩემი ერთი ლექსიც ვიანს ეძღვნება, თუმცა ჯერ არ გამომიქვეყნებია (ასე ღია მიძღვნებით არ გამოვირჩევი, არც ვწერ, ეს ერთი  უჩვეულო შემთხვევა იყო).
რა შემიძლია ვთქვა: თუ არ იცნობთ, გაიცანით – კარგი ვინმეა ვიანი. აქვს იუმორის გრძნობა, უსაზღვრო ფანტაზია და სევდიანი თვალები, რომლებითაც თავისი წიგნებიდან იყურება.

მის სხვა წიგნებზე კიდევ დავწერ.

Friday, February 1, 2013

სექსი, ფილოსოფია, ფანტაზია – უელბეკის ქვაბში, სახელად "ლანსაროტე"

დღეს უელბეკის "ლანსაროტე" დავამთავრე. თუ წაკითხული გაქვთ "პლატფორმა", აუცილებლად გაგახსენდებათ – ის "ლანსაროტეს" ერთგვარი სიქუელია. ალბათ ამიტომაც, მსგავსი თემატიკის "ლანსაროტე" ჩემთვის ნაკლებ საინტერესო აღმოჩნდა. მთავარი გმირი შვებულების გასატარებლად  კანარის ერთ–ერთ კუნძულზე მიემგზავრება, აქვს სექსთავგადასავალი; ამ ისტორიაში ჩართული უელბეკისეული ფილოსოფია და ცხოვრების მიმართ მისი დამოკიდებულება საკმარისია, რომ კითხვა დათრგუნულმა დავასრულო.
გამორჩეული გმირი აქ რუდია – ბელგიელი პოლიციელი, რომელსაც დეპრესია აქვს. ამ ფონზე ხდება სექტის (რაელიზმი, რომელიც უცხოპლანეტელების არსებობას და მმართველობას აღიარებს, კლონირებასა და თავისუფალ სიყვარულს ქადაგებს) წევრი და ბოლოს ასამართლებენ, როგორც პედოფილს. საინტერესოა მისი წერილი, რომელსაც წიგნის მთავარ, უსახელო გმირს სწერს. ამ უკანასკნელის პასუხ–გამოსავალში (არა წერილის სახით დაბრუნებულში) კარგად ჩანს საკუთარ ნაჭუჭში შეკეტილი თანამედროვე ადამიანი: 
"ადამიანს თავისუფლად შეუძლია იცხოვროს ისე, რომ ცხოვრებისგან არაფერს ელოდოს. ხშირ შემთხვევაში ასეც იქცევიან. სხედან ადამიანები თავიანთ სახლებში და უხარიათ, მათი ტელეფონი რომ არასდროს რეკავს და თუ რაღაც ეშმაკის მანქანით მაინც აწკარუნდა, ყურმილს არ იღებენ, ავტომოპასხეს რთავენ. თუ ახალი ამბავი არ არის, მათთვის ეს უკვე კარგი ამბავია. ასე განსჯის მოსახლეობის უმრავლესობა. არც მე ვარ გამონაკლისი."
და მაინც, ყველას სურს უკვდავება: რუდი კანის მცირე ნაწილს გასცემს კლონირებისთვის, მთავარ გმირს კი თვალები უბრწყინავს, როცა ლესბოსელის შვილის დონორობის შესაძლებლობა უჩნდება.

კითხვის დამთავრების შემდეგ გუგლში ლანსაროტეს ფოტოები მოვძებნე – უცნაურია, გარემო თითქმის ისეთივე აღმოჩნდა, როგორიც წარმომესახა. ახლა ვფიქრობ, უელბეკს (და მის გმირებს) ყველაზე მეტად ეს პეიზაჟი ჰგავს: ვულკანური მთები, გავერანებული ლანდშაფტი, ცა, რომელზეც შავი ღრუბლებია, თუმცა არ წვიმს.