Monday, April 1, 2013

კოლექციონერი

ამ წიგნით მაშინ დავინტერესდი, როცა კობო აბეს "ქალი ქვიშაში" ახალი დამთავრებული მქონდა. "ქალი ქვიშაში" 1962 წელს არის გამოქვეყნებული, "კოლექციონერი"  – 1963 წელს (ასევე თითო წლის გამოტოვებით გამოვიდა მათი ეკრანიზაციებიც). ნაწარმოებებს მსგავსი იდეა აერთიანებს – ადამიანისთვის თავისუფლების შეზღუდვა მისი ნების საწინააღმდეგოდ. აბეს წიგნზე უკვე დავწერე, რაც შეეხება "კოლექციონერს": ბრაზისა და პროტესტის გრძნობას არც კითხვის დროს დავუტოვებივარ და არც ახლა, პოსტის წერისას, მტოვებს. ყოველ მორიგ გვერდზე გადასვლისას თავს ვეკითხებოდი – რატომ ვკითხულობდი ერთი შეშლილის მონოლოგს, თუ როგორ ძალადობდა ადამიანზე. არაერთხელ მომინდა წიგნი დამეხურა და აღარ გამეხედა მისკენ. ალბათ ასეც ვიზამდი, მონოლოგი მსხვერპლის დღიურს რომ არ ჩაენაცვლებინა. შეიძლება ითქვას, ავტორმა ამიძულა, ბოლომდე წამეკითხა მისი მონათხრობი.
ეს არის ამბავი პეპლების კოლექციონერზე, ფრედერიკ კლეგზე, რომელსაც უყვარდება აღზრდითა თუ ცხოვრების წესით მისგან რადიკალურად განსხვავებული, ნიჭიერი და ლამაზი მხატვარი გოგონა – მირანდა გრეი. კოლექციონერი მირანდას ნივთივით (ან საკოლექციო პეპელასავით) ისაკუთრებს. უმნიშვნელო ხდება ის, რომ იგი ფიზიკურად არ ძალადობს.
უიმედო მირანდა დღიურის ერთ ჩანაწერში ღმერთს ფრედერიკს ადარებს და გმობს: "ღმერთი იმპოტენტია. მას ჩვენი სიყვარული არ შეუძლია. მას ვძულვართ, იმიტომ რომ  არ შეუძლია ვუყვარდეთ".  ჩვენ ხშირად ვამბობთ: "რასაც ღმერთი ინებებს". ამ მხრივ, ფრედერიკი არის კიდეც მიწიერი ღმერთი ერთი არსებისთვის: ღმერთი, რომელიც თავად წყვეტს, შეისმინოს თუ არა თხოვნა; ღმერთი, რომელიც, მირანდა რომ ბჭობს, იცინის.
მირანდა წერს, რომ თუკი კალიბანს (ფრედერიკი) გაასამართლებდნენ – დაიცავდა, რადგან მას თანაგრძნობა, მიტევება და მკურნალობა სჭირდება. კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მომენტი – პატიმრის გრძნობები, როდესაც კარის ღრიჭოდან წამით დაინახავს დღის სინათლეს. ყველაზე უარესი რამ ამ წიგნში, უმწეობის განცდით რომ დამტოვა, გეგმაა, რომელსაც მოძალადე წიგნის ფინალში ადგენს. საკონტროლო გასროლა.

No comments: