Friday, September 12, 2014

ბრეხტის მოთხრობები

ბრეხტის ეს პატარა, დიდაქტიკური მოთხრობების კრებული, ორიოდ საათში რომ წაიკითხავთ, ვფიქრობ, გულგრილს არ დაგტოვებთ. განსაკუთრებით სამმა  მოთხრობამ დამამახსოვრა თავი. ესენია: "ვიგინდარა",  "ოთხი მამაკაცი და პოკერის პარტია ან იღბლიანობა ბედნიერება როდია" და "კეისარ მალათესტას სიკვდილი". მათგან პირველ ორს სცენაზე გათამაშებულს "ვხედავდი".

ტექსტები დაცლილია ზედმეტი სიტყვებისგან, ავტორი პირდაპირ "საქმეზე გადადის" – შენ წინ შლის სიუჟეტს, მოქმედ პირებს მხოლოდ იმდენი შტრიხით ხატავს, რამდენიც მოცემულ სიტუაციაში სჭირდება და კიდევ ერთხელ გამოგზაურებს ადამიანური ბუნების ლაბირინთებში.

Wednesday, September 10, 2014

სტამბოლის სევდა


ეს არის წიგნი სევდიან ქალაქზე, თუ ქალაქის სევდაზე; საკუთარი ქალაქის "უცხო თვალით" დანახვის მცდელობა; ისტორიული ფაქტები, ქალაქის განვითარების ეტაპები, ხედები, ხმები, სილუეტები ყველაზე ტკბილი ასაკის – ავტორის ბავშვობისა და მოზარდობის მოგონებებიდან. ფაქტობრივად, ეს არის ოჯახური პორტრეტი მშობლიური ქალაქის ფონზე. ზემოთ ფერები არ დავწერე – ცალკე უნდა გამოვყო: ფამუქის სტამბოლი შავ-თეთრია, როგორც სტრიქონებს შორის ჩატეული, ისე ვიზუალურად – წიგნი გაფორმებულია სტამბოლის ხედების შავ-თეთრი ფოტოებით, რომელთა ნაწილი ფამუქის მიერვეა გადაღებული მისი მოზარდობის დროს; ნაწილი კი ცნობილ თურქ ფოტოგრაფებს ეკუთვნით, რომლებსაც წიგნის ბოლოს გვაცნობს ავტორი. ეს ფოტოები უკეთ შეგვაგრძნობინებს როგორც მშობლიური ქალაქისადმი ფამუქის დამოკიდებულებას, ისე იმ სევდას, სტამბოლის ხასიათი რომ განუსაზღვრავს და ამ ტექსტსაც რეფრენად გასდევს (წიგნიდან ყველაზე მეტად სწორედ ის თავი დამამახსოვრდა, რომელსაც "ჰუზუნ" (hüzün), ანუ სევდა ჰქვია).

ფამუქი წერს: "მე მგონი, მკითხველმა უკვე შენიშნა, რომ როცა ჩემს თავზე ვსაუბრობ, მაშინ სტამბოლზე ვლაპარაკობ და პირიქით, როცა სტამბოლს ვახსენებ, აზრს საკუთარ თავზე გამოვთქვამ". მართლაც, ასეა, წაშლილია ზღვარი ამ ორ ხაზს შორის; არ გაბნევს უცებ ისტორიული ფაქტების მოყვანა იქ, სადაც ორჰანი თავის ოთახში ხატავს, ან მეგობრებთან ერთად ქალაქის ქუჩებში მანქანით დაჰქრის.

ვფიქრობ, გულახდილია ავტორი, როცა საუბრობს საკუთარ ოჯახზე, შიშებზე თუ ჩვევებზე. "სტამბოლმა" მიმახვედრა, რომ ფამუქის ყველა სხვა წიგნში, რომელიც წამიკითხავს, მთავარი მოქმედი გმირები მისი ოჯახის წევრები არიან და ავტორის ბავშვობა ყველგან ირეკლება. წიგნში განხილულია ყველა მნიშვნელოვანი წერილობითი მასალა, რაც კი სტამბოლზე შეუქმნიათ; და როცა საქმე ეხება უცხოელი ავტორების ჩანაწერებს, ჩემთვის მოულოდნელად, ფამუქი იმ მკითხველის როლში დგება, რომელშიც უამრავი ქართველი ჩადგა მისივე "თოვლის" კითხვისას. თუ წაკითხული გაქვთ "თოვლი", მაშინ ეს ამონარიდი მიგახვედრებთ, რასაც ვგულისხმობ:

"ყოველი ჩვენგანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სხვის აზრს. ჩვენთვის სულ ერთი არ არის, რას ფიქრობენ ჩვენზე, ჩვენს ერსა და ქვეყანაზე. როცა სხვისი – უცნობის ან უცხოელის – აზრი მტკივნეული ხდება, გვირთულებს რეალობის აღქმას და მეტიც – უფრო მნიშვნელოვანი ხდება ვიდრე რეალობა, ეს ნიშნავს, რომ ამ სხვისი დამოკიდებულება პრობლემას გვიქმნის.
...დილემის წინაშე დგას განათლებული სტამბოლელი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია დასავლელის შეხედულება მის ქალაქზე. ერთი მხრივ, მას უკვე გათავისებული აქვს დასავლური ღირებულებები და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იქაური მწერლების აზრს; მეორე მხრივ კი, როგორც კი დასავლელი მწერალი მონიშნულ ზღვარს დაარღვევს, სტამბოლელ მკითხველს გული უკვდება. ვითარებას ის უფრო ართულებს, რომ არავინ იცის, სად გადის ეს ზღვარი."

და ბოლოს, თუ სტამბოლში მოგზაურობას გეგმავთ, განსაკუთრებით გირჩევთ ამ წიგნის წაკითხვას (ჩემი მიზანიც ეს იყო – მინდოდა, მეტი გამეგო ქალაქზე, რომლის ნახვაც ძალიან მსურს): ტურისტებს ძირითადად სტამბოლის მრავალფეროვნება და ხმაური იზიდავთ და ამ დროს, ფამუქი სარჩულის მხრიდან აბრუნებს ქალაქს – ჩუმსა და სევდიანად შავ-თეთრს.

აქვე ამონარიდი, რომელმაც, როგორც ცეცხლის ალების ცქერაზე შეყვარებული ადამიანი, ძალიან გამაღიმა.