Sunday, October 19, 2014

მეორედ დაბადება, ანუ ღია ჰორიზონტში გამავალი სარკმელი

ამ საღამოს ერთი არაბული ანდაზა წავიკითხე: "წიგნი ბაღს ჰგავს, რომელსაც ჯიბით ატარებ." ამ მშვენიერმა ანდაზამ რატომღაც საყვარელი პოეტი ქალი გამახსენა, ალბათ მის ლექსებში ხშირად ნახსენები ბაღის, ანაც იმ კონკრეტული ლექსის გამო, რომელსაც "მე ვწუხვარ ბაღზე" ჰქვია. არა, ლექსსა და ანდაზას არაფერი აკავშირებთ, უბრალოდ, სიტყვების ასოციაციური ჯაჭვი გაიბა, თან განწყობა მაქვს ასეთი – ქალთა საკითხებზე ბოლოდროინდელი წუხილის გამოძახილი. ჰოდა, ამ დროს, ვინ შეიძლება გამხსენებოდა, თუ არა ეს ირანელი მეამბოხე პოეტი ქალი –  ფორუყ ფაროხზადი – რომლის ლექსებშიც ალბათ ყველა ქალი იპოვის თავის სათქმელს და, ზოგადად, ყველა მკითხველი – მოსასმენს. მისი ლექსების ეს პატარა კრებული ჩემთვის ნამდვილად ჰგავს ბაღს, რომლის ტარებაც ჯიბით შეიძლება.

კრებულს "მეორედ დაბადება" ჰქვია; არაჩვეულებრივი ლექსების გარდა შეგიძლიათ წაიკითხოთ ინტერვიუ ფორუხთან, ასევე მთარგმნელის, გიორგი ლობჟანიძის, წინათქმა.

Friday, October 10, 2014

აგნესი

ვიდრე მარგარეტ ეტვუდის 800 გვერდიან წიგნს ვარ შეჭიდებული, მინდა გავიხსენო რამდენიმე წლის წინ წაკითხული წიგნები, რომლებზეც ყოველთვის მინდოდა დამეწერა, მაგრამ თავს ვერ ვაბამდი; ან შეიძლება ვიკავებდი კიდეც თავს, რადგან ყველაზე რთული შეყვარებულ წიგნებზე წერა ყოფილა, განსაკუთრებით მაშინ, თუ  წაკითხვის შემდეგ დიდი დროა გასული.

არ ვიცი, ამ წიგნმა მაღაზიაში რით მიიქცია ჩემი ყურადღება (ალბათ უფრო ყდით, რომელზეც ჟორჟ სიერას ნახატია გამოსახული), რადგან ავტორის სახელი – პეტერ შტამი – არაფერს მეუბნებოდა. შტამი შვეიცარიელია, დაიბადა 1963 წელს. პროფესიით ფსიქოლოგი და ფსიქოპათოლოგიის სპეციალისტია, რაც იგრძნობა მისი პერსონაჟების გაცნობისას – კარგად ხატავს ადამიანების ფსიქო-ემოციურ პორტრეტებს.
ავტორის ეს სადებიუტო რომანი უფრო ვრცელი მოთხრობაა, ვიდრე რომანი. "აგნესს" სულ სამი მოქმედი გმირი ჰყავს – ერთი მამაკაცი და ორი ქალი; მოთხრობილი ისტორიაც, ცხადია, სასიყვარულოა. ალბათ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შტამის ენა ძალიან მარტივია – ტექსტს მოკლე წინადადებებით აგებს, ყოველგვარი "სამკაულის" გარეშე.